ბრიტანული დაზვერვა: რუსეთმა უკრაინაში ძალების თითქმის მესამედი დაკარგა

რუსეთმა უკრაინაში სახმელეთო საბრძოლო ძალების თითქმის ერთი მესამედი დაკარგა, ამ ინფორმაციას ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს. მისივე თანახმად, აგრესორის მებრძოლთა მოტივაცია სულ უფრო მცირდება და „შემცირებული საბრძოლო ეფექტიანობა“ აშკარაა. რუსეთის შეტევამ დონბასის რეგიონში დაკარგა იმპულსი და მნიშვნელოვნად ჩამორჩა დადგენილ გრაფიკს, აცხადებს ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მიუხედავად თავდაპირველი მცირემასშტაბიანი მიღწევებისა, რუსეთმა ვერ მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას ტერიტორიული თვალსაზრისით.

სამინისტროს განცხადებით, რუსეთი კიდევ უფრო მეტ დანაკარგს უნდა ელოდოს.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
 
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.