შვედეთის პრემიერ-მინისტრის მაგდალენა ანდერსონის განცხადებით, მისი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთის შეშფოთების გადალახვა შესაძლებელია. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა.
მაგდალენა ანდერსონის თქმით, თუ შვედეთი იქნება ერთადერთი ქვეყანა ბალტიისპირეთის რეგიონში, რომელიც არ შეუერთდა NATO-ს, „ძალიან დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან".
შვედეთის პრემიერის თქმით, ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება დაეხმარება შვედეთს, მიაღწიოს უფრო მეტ უსაფრთხოებას და თავადაც შეიტანოს წვლილი უფრო მეტ უსაფრთხოებაში. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის გადაწყვეტილება არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, ეს არის ის, რაც საუკეთესოა შვედეთისთვის.
თურქეთის პოზიციით გაკვირვებულია ფინეთის პრეზიდენტი.
„ერთი თვის წინ თურქეთის პრეზიდენტს ვესაუბრე, მან თავად მითხრა, რომ იცოდა ფინეთის გეგმები და განაცხადა, რომ პროცესს შეაფასებდა დადებითად, ახლა კი მათ ნეგატიურ პასუხს ვიგებთ. მე თურქეთის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე და ერდოღანი მოხარული იყო მადლობით. ვფიქრობ, ახლა ჩვენ გვჭირდება ძალიან მკაფიო პასუხი, მზად ვარ, ისევ ვესაუბრო პრეზიდენტს იმ პრობლემებზე, რომლებიც მან წამოჭრა. 30 წელია, NATO-ს წევრობაზე ვსაუბრობთ, მაგრამ გადაწყვეტილებას წევრობაზე ახლა ვიღებთ“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.
გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. მის ფარგლებში შვედურმა და ფინურმა მხარემ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც გამართეს შეხვედრა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ან ლინდეს თქმით, შეხვედრისას განიხილეს NATO-ს ღია კარის პოლიტიკა და უსაფრთხოების გაუარესებული გარემო. 15 მაისს, მეორე სესიაზე მხოლოდ მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მალევე განცხადება გაავრცელა შვედეთის მმართველმა პარტიამაც. NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია.
სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას.
შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ.
ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით.
დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.