უკრაინელი სამხედროები ხარკოვის ოლქში რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდე მივიდნენ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
მედიის ცნობით, რუსეთის საზღვართან ტერიტორიული თავდაცვის 127-ე ბრიგადის 227-ე ბატალიონი მივიდა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევის შეკავების მიზნით, უკრაინის არმიის სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში რუსების მიერ ოკუპირებული სარკინიგზო ხიდები ააფეთქეს ქალაქ რუბეჟნოესა და სევეროდონეცკს შორის. ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, უკრაინის არმია ამ დროისთვის ლუგანსკის ოლქის ათ პროცენტს აკონტროლებს.
უკრაინელმა სამხედროებმა გაერთიანებული ძალების პასუხისმგებლობის ზონაში გაანადგურეს ორი რუსული ვერტმფრენი, ხუთი უპილოტო თვითმფრინავი, სამი ტანკი და ექვსი ჯავშანმანქანა. დონბასში ბოლო ერთ დღეში უკრაინის არმიის ნაწილებმა რუსეთის 17 შეტევა მოიგერიეს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში
დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად
აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში
დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს,
ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ
დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.