ძალიან ვღელავთ ამ ომის შედეგების გამო. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ ვხვდებით ღრმა ეკონომიკურ კრიზისს, ფასების ზრდას და ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალები, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე განაცხადა.
"ჩვენ ძალიან ვღელავთ ამ ომის შედეგების გამო. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ ვხვდებით ღრმა ეკონომიკურ კრიზისს, ფასების ზრდას და ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალები, რათა ავუხსნათ მსოფლიოს, რომ ეს არის არა სანქციების გამო, არამედ ეს არის ომის გამო. რუსეთი ბლოკავს უკრაინული ხორბლის უკრაინიდან გასვლას და ბაზრებზე შესვლას. ჩვენ განვიხილავთ ამას და დარწმუნებული ვარ, გავაგრძელებთ ჩვენი ისედაც ძლიერი ერთიანობისა და ასოცირების ძალისხმევას“, – განაცხადა ბორელმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში
დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად
აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში
დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს,
ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ
დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.