ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: იმედია, რუსეთის ხელმძღვანელობა მიხვდება, რომ საკუთარ იზოლირებას ახდენენ საერთაშორისო სამყაროში

"ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ უნდა გადაწყვიტოს უფრო შორს მიმავალი სანქციები. იმედია, რუსეთის ხელმძღვანელობა მიხვდება, რაც მათ გააკეთეს და მიხვდება, რომ საკუთარ იზოლირებას ახდენენ საერთაშორისო სამყაროში", - ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგიმ განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ ევროკავშირის მიდგომა დასავლურ სამყაროსთან ერთად დგომასთან დაკავშირებით სწორია. ჩვენ განვიხილავთ სანქციების მეექვსე პაკეტს. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ უნდა გადაწყვიტოს უფრო შორს მიმავალი სანქციები, ვიდრე ოდესმე ისტორიაში. ასე რომ, ეს არის ევროპული ოჯახის ერთიანობის ძლიერი სიგნალი და მჯერა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას. იმედია, რუსეთის ხელმძღვანელობა მიხვდება, რაც მათ გააკეთეს და მიხვდება, რომ საკუთარ იზოლირებას ახდენენ საერთაშორისო სამყაროში“, – განაცხადა ალექსანდრ შალენბერგმა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
 
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.