უკრაინაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 300 რუსი დამპყრობელი განადგურდა და ლიკვიდირებული მოწინააღმდეგეების საერთო რაოდენობა ახლა 27 700 სამხედროს შეადგენს. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.
"უკრაინაზე რუსეთის აგრესიის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტების ზარალმა შეადგინა: 1 228 ტანკი, 2 974 ჯავშანმანქანა, 577 საარტილერიო სისტემა, 195 ზალპური სარაკეტო სისტემა, 89 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 200 თვითმფრინავი, 165 ვერტმფრენი, 2101 საავტომობილო ტექნიკა და საწვავ-საპოხი მასალებით სავსე ავზი, 13 ერთეული გემი/კატერი, 427 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 42 სპეცტექნიკა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.