„პურის გაზრდის წინაპირობა დღეს არ არის. თუ გარემო ფაქტორები შეიცვლება, ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ქვეყანაში ფქვილი არის, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით, ქვეყანას პრობლემა არ აქვს. ჩვენთვის მთავარი ამოსავალია, რომ მოსახლეობისთვის პურზე ხელმისაწვდომობა იყოს და იყოს რაც შეიძლება ხელმისაწვდომი ფასები. მათი გაზრდა მთავრობის და საზოგადოების ინტერესში არ არის. ფქვილის იმპორტზე ხელოვნური ბარიერების შექმნა მიუღებელია, ამაზე დღეს პრემიერმა განცხადება გააკეთა. მთავარია, გვქონდეს, დეტალური მონიტორინგი იმის, რომ ჩვენი ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა მოვახერხოთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს ქვეყანას ხორბლის გარკვეული მარაგი აქვს.
„საქართველო დღეს ტრანზიტული ქვეყანაა, რომლის საპორტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით დაინტერესებულია მათ შორის ხორბლის ექსპორტიორი ქვეყნები, ჩვენს დერეფანში ხორბალი მოძრაობს და აქედან გამომდინარე, ის უსაფრთხოების საკითხები, რომლებზეც თქვენ (რედ. ჟურნალისტები) საუბრობთ, გათვალისწინებულია“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მსოფლიო ბაზარზე ხორბალთან დაკავშირებით გლობალურად გართულებული მდგომარეობა რუსეთის უკრაინაში შეჭრას უკავშირდება. რუსეთი მსოფლიოში ხორბლის ყველაზე დიდი ექსპორტიორია, ხოლო უკრაინა - სიდიდით მეხუთე. ჯამურად რუსეთი და უკრაინა გლობალურ ბაზარზე ხორბლის ექსპორტის თითქმის 30%-ს უზრუნველყოფენ. გაეროს ცნობით, მაისის დასაწყისში, უკრაინის პორტებში დაახლოებით 4,5 მილიონი ტონა მარცვლეული იყო დაბლოკილი.