"ოფიციალურ მოსკოვს ფინეთთან და შვედეთთან პრობლემა არ აქვს, მათი NATO-ში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა საპასუხო რეაქციას მაინც იწვევს", - ამის შესაებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

ვლადიმერ პუტინი: ოფიციალურ მოსკოვს ფინეთთან და შვედეთთან პრობლემა არ აქვს, მათი NATO-ში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

„ოფიციალურ მოსკოვს ფინეთთან და შვედეთთან პრობლემა არ აქვს, მათი NATO-ში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა საპასუხო რეაქციას მაინც იწვევს. სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება ამ ტერიტორიაზე, ცალსახად იწვევს ჩვენს საპასუხო რეაქციას. როგორი იქნება ეს, ამას შევხედავთ, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენთვის შეიქმნება. საერთოდაც პრობლემა ცარიელ ადგილზე იქმნება, ამაზე შესაბამის რეაგირებას ვიქონიებთ“,- განაცხადა პუტინმა.


გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. მის ფარგლებში შვედურმა და ფინურმა მხარემ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც გამართეს შეხვედრა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ან ლინდეს თქმით, შეხვედრისას განიხილეს NATO-ს ღია კარის პოლიტიკა და უსაფრთხოების გაუარესებული გარემო. 15 მაისს, მეორე სესიაზე მხოლოდ მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მალევე განცხადება გაავრცელა შვედეთის მმართველმა პარტიამაც. NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია.

სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას.

ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო მისი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის პოზიციით გაოცებულია.

თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 13 მაისს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს.