უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 200 რუსი დამპყრობელი განადგურდა და ლიკვიდირებული მოწინააღმდეგეების საერთო რაოდენობა ახლა 27 900 სამხედროს შეადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"უკრაინაზე რუსეთის აგრესიის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტების დანაკარგებია: 1 235 ტანკი, 3 009 ჯავშანმანქანა, 578 საარტილერიო სისტემა, 198 ზალპური სარაკეტო სისტემა, 90 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 201 თვითმფრინავი, 167 ვერტმფრენი, 2109 საავტომობილო ტექნიკა და საწვავ-საპოხი მასალებით სავსე ავზი, 13 ერთეული გემი/კატერი, 436 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 32 სპეცტექნიკა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.