ფინეთის პარლამენტმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსში, NATO-ში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენას მხარი დაუჭირა.
ფინეთის პარლამენტის 188 დეპუტატმა NATO-ში ქვეყნის გაწევრიანებაზე განაცხადს მხარი დაუჭირა, ხოლო 8-მ საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა.
ამასთან, ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს 18 მაისს წარადგენენ. ამის შესახებ შვედეთის პრემიერმინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა სტოკჰოლმში ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
- ერდოღანის თქმით, შვედეთის და ფინეთის დელეგაციებმა თურქეთში ჩასვლაზე თავი არ უნდა შეიწუხონ
- ჯოზეფ ბორელი იმედოვნებს, რომ NATO თურქეთთან უთანხმოების დაძლევას შეძლებს
სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას.
„უშუალო საფრთხე ამ ქვეყნების ხარჯზე გაფართოების კუთხით, რუსეთისთვის არ იქმნება, მაგრამ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება ამ ტერიტორიაზე, ცალსახად იწვევს ჩვენს საპასუხო რეაქციას. როგორი იქნება ეს, ამას შევხედავთ, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენთვის შეიქმნება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 16 მაისს.
თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 13 მაისს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს.
NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, კანდიდატმა ქვეყანამ ყველა არსებული წევრისგან მიიღოს რატიფიცირება. თურქეთი NATO-ს წევრი 1952 წელს გახდა.