"24 თებერვლიდან 19 მაისამდე რუსული მხარის დანაკარგი დაახლოებით 28 500 ჯარისკაცია, რაც გასულ დღესთან შედარებით 200 რუსი ჯარისკაცით მეტია", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„მტრის საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 19 მაისამდე დაახლოებით იყო: 28500 ჯარისკაცი, 1254 ტანკი, 3063 ჯავშანმანქანა, 595 საარტილერო სისტემა, 199 მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემა, 93 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 203 თვითმფრინავი, 167 ვერტმფრენი, 455 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 103 ფრთოსანი რაკეტა, 13 ერთეული გემი/რაკეტა, 2157 საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი, 43 სპეცტექნიკა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.