უკრაინის გენშტაბი: გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების 14 შეტევა მოიგერიეს

"უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტების 14 შეტევის მოგერიება შეძლეს. განადგურებულია რუსი სამხედროების კუთვნილი 29 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, რვა ტანკი და ექვსი ავტომობილი", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

"ბოლო 24 საათში რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს 50 დასახლებულ პუნქტს დონეცკსა და ლუგანსკის რაიონებში, დაზიანებულია 40-ზე მეტი სამოქალაქო ობიექტი, მათგან 31 სახლი. მხოლოდ დონეცკის ოლქში რუსი სამხედროების მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე და ექვსი დაიჭრა. რთული მდგომაროება სევერდონეცკში, სადაც რუსეთის დაბომბვის შედეგად გუშინ 12 ადამიანი დაიღუპა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.