"დონბასში ცხოვრება ბევრი ადამიანისთვის ცოცხალ ჯოჯოხეთად იქცა", - ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა, ლესია ვასილენკომ Sky News-თან საუბარში განაცხადა.
"რუსული ძალები განზრახ ქმნიან საცობებს იმისთვის, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს ზაპოროჟიედან გასვლაში ხელი შეუშალონ და ამით მათ „მეტი ტანჯვა მიაყენონ“. ისინი ლუგანსკის ოლქის ქალაქებს მხოლოდ იმის გამო ბომბავენ, რომ მოსახლეობამ მეტი ტკივილი და ტრაგედია განიცადოს, უფრო მეტად დაშინდეს და დანებდეს“, - განაცხადა დეპუტატმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ასევე წაიკითხეთ:
გაერო: უკრაინის მოსახლეობის 90% შეიძლება, სიღარიბეში აღმოჩნდეს, თუ რუსეთი თავდასხმებს გააგრძელებს