ხარკოვის რაიონის ქალაქ ლოზოვაიაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა

ხარკოვის რაიონის ქალაქ ლოზოვაიაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 წლის გოგონა. ამის შესახებ ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

„დარტყმის შედეგად, რვა ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის არის 11 წლის გოგონა. კულტურის სახლზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად გაჩნდა ხანძარი. ჩვენი მამაცი მეხანძრეების წყალობით, ხანძარი ლიკვიდირებულია. ასევე დაზიანდა ახლოს მდებარე მრავალსართულიანი სახლები", - განაცხადა სინეგუბოვმა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.