უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 21 მაისამდე რუსული მხარის დანაკარგი დაახლოებით 28 850 ჯარისკაცია, რაც გასულ დღესთან შედარებით 150 რუსი ჯარისკაცით მეტია.
„მტრის საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 21 მაისამდე დაახლოებით იყო: 28 850 ჯარისკაცი, 1 278 ტანკი, 3116 ჯავშანმანქანა, 596 საარტილერო სისტემა, 201 მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემა, 93 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 204 თვითმფრინავი, 169 ვერტმფრენი, 460 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 104 ფრთოსანი რაკეტა, 13 ერთეული გემი/კატერი, 2178 საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი, 43 სპეცტექნიკა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ასევე წაიკითხეთ:
გაერო: უკრაინის მოსახლეობის 90% შეიძლება, სიღარიბეში აღმოჩნდეს, თუ რუსეთი თავდასხმებს გააგრძელებს