გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას ბრიტანეთი-თურქეთის თანამშრომლობა, უკრაინის კონფლიქტზე გლობალური რეაგირება და NATO-ს გაფართოების საკითხები განიხილეს, - ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს..
განცხადების მიხედვით, ლიდერებმა ერთმანეთს გაუზიარეს ღრმა შეშფოთება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის მისი შორს მიმავალი შედეგების შესახებ.
„პრემიერ-მინისტრი მიესალმა თურქეთის წამყვან როლს კრიზისის მოგვარების მიმართულებით და ისინი შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ უკრაინის მარცვლეულის მარაგებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე მარშრუტების გახსნისა და სურსათზე გლობალური ფასების შემცირების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.