პრემიერის თქმით, „ბორჯომს“ ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ბორჯომს“ ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება და მთავრობის მომდევნო სხდომაზე ამ საკითხზე გადაწყვეტილება დამტკიცდება.

„ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ. პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდა "ბორჯომის" მმართველ კომპანიასა და მფლობელებთანაც. იცით რომ არის შემოთავაზება რომ ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს აჩუქონ წილი, რომელიც შეიძლება დაახლოებით 100 მლნ დოლარის ღირებულების იყოს. მე ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროს დავავალე და რამდენიმე დღეში დასკვნა მექნება. მომდევნო მთავრობის სხდომაზე ამას დავამტკიცებთ. ასე რომ, „ბორჯომს“ ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება. ჩვენი საამაყო ბრენდი გააგრძელებს მუშაობას. იქ დასაქმებული ყველა თანამშრომელი მშვიდად უნდა იყოს და პრობლემა იქნება ამოწურული“, - განაცხადა პრემიერმა.

29 აპრილს IDS ბორჯომმა სანქციების გამო, წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცახდა.  

19 მაისს „ბორჯომის“ მფლობელმა კომპანიამ განაცხადა, რომ მზადაა აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უფასოდ გადასცეს. 


2013 წლიდან რუსული Alfa Group ფლობს IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების სიაშია. IDS Borjomi International, ბორჯომის გარდა, აწარმოებს ჩამოსხმულ წყალს ბრენდების Holy Spring და Edelweiss.

უკრაინაში ომისა და მას შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, 750-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა რუსულ ბაზარზე.