გაეროში რუსეთის მუდმივი მისიის თანამშრომელმა, ბორის ბონდარევმა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ საჯაროდ დაგმო და გადადგა. ინფორმაცია უკრაინულმა Unian-მა გაავრცელა. ამასთან, კიდევ ერთი წყაროს, რადიო თავისუფლების ცნობით, ბონდარევის გადადგომის შესახებ განცხადება Twitter-ზე იურისტმა, უფლებადამცველმა და UN Watch-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰილელ ნეიერმა გამოაქვეყნა.
ჟენევაში გაეროს ოფისის ვებგვერდის მიხედვით, ბონდარევს მუდმივი მისიის მრჩევლის თანამდებობა ეკავა.
„არასდროს შემრცხვენია ჩემი ქვეყნის და ჩემი საქმის ისე, როგორც ამ წლის 24 თებერვალს. პუტინის მიერ გაჩაღებული აგრესიული ომი უკრაინასთან და ფაქტობრივად, მთელ დასავლურ სამყაროსთან, არამხოლოდ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულია, არამედ, ალბათ, ყველაზე მძიმე დანაშაულია რუსეთის ხალხის წინააღმდეგ“, - დაწერა ბონდარევმა სოციალურ ქსელ Llinkedin-ზე.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.