უკრაინის შეიარაღებული ძალები: საბრძოლო მოქმედებების ყველაზე მაღალი აქტივობა დონეცკის რაიონში შეინიშნება

ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასასვლელად, დონეცკის ოლქში რუსეთის ძალები ქალაქ ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის ალყაში მოქცევას ცდილობენ. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაში.

„საბრძოლო მოქმედებების ყველაზე მაღალი აქტივობა შეინიშნება დონეცკის ოპერაციულ რაიონში, კერძოდ ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის მახლობლად. დონეცკის მიმართულებაზე მოწინააღმდეგე ფოკუსირებულია შეტევითი ოპერაციის ჩატარებაზე ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის ალყაში მოქცევის მიზნით ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასასვლელად“, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


ასევე წაიკითხეთ:

გაერო: მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს პირველად გადააჭარბა