უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დონბასში რუსებს 20-ჯერ მეტი სამხედრო ტექნიკა აქვთ, ვიდრე უკრაინელებს.
„ჩვენ არ გვყოფნის ტექნიკა, იმიტომ რომ ვიბრძვით ასეთი დიდ სახელმწიფოს, რომელსაც ჰყავს მრავალრიცხოვანი არმია. მათ [რუსებს] 20-ჯერ მეტი სამხედრო ტექნიკა აქვთ დონბასში. წარმოიდგინეთ როგორი ძლიერები არიან ჩვენი მეომრები და როგორი ხალხი გვყავს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში საომარი მოქმედებებისას ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა - „ჩვენ გვჭირდება სამხედრო ტექნიკა, რომელიც მოქმედებს დიდ მანძილზე“.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.