ევროკომისია წინადადებით გამოდის, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს

ევროკომისია გამოდის ინიციატივით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად ჩაითვალოს. Reuters-ის ცნობით, ეს ნაბიჯი საშუალებას მისცემს ევროკავშირის მთავრობებს, ჩამოართვან აქტივები იმ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებიც  მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის შეზღუდვებსთავს არიდებენ.

ევროკავშირის სანქციების დარღვევა დანაშაულად ევროკავშირის 12 ქვეყანაში ითვლება, რასაც ზოგი ქვეყანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განიხილავს, ზოგიც - სისხლის სამართლის დანაშაულად. ევროკავშირის მასშტაბით სანქციების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმებიც შესაბამისად განსხვავებულია.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.