უკრაინაში, სევეროდონეცკთან მძიმე ბრძოლებია

რუსი დამპყრობლები სევეროდონეცკში შეღწევას ცდილობენ. ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის (OVA) ხელმძღვანელი სერჰი გაიდაი Telegram-ზე ავრცელებს.

მისი თქმით, 26 მაისის საღამოს მდგომარეობით, რუსები ბოროვსკოეს მიმართულებით გადაადგილდებიან. მძიმე ბრძოლები სევეროდონეცკის მიდამოებში გრძელდება. მტერი ქალაქში შეჭრას ცდილობს. „რეგიონულ ცენტრს არტილერია და თვითმფრინავი ანადგურებენ. ჩვენი დამცველები ზოლოტესა და ეკატერინოვკას მიდამოებში არიან გამაგრებულნი. ლისიჩანსკი-ბახმუტის გზატკეცილი მტრის თავდასხმის ქვეშაა, მის გასწვრივ გადაადგილება სახიფათოა. ჰუმანიტარული ტვირთის გადაადგილების და მოსახლეობის ევაკუაციის შესაძლებლობა არ დაკარგულა“, - აცხადებს სერჰი გაიდაი.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.