ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა არის ქვეყანა, სადაც ყველაფერი შესაძლებელია - მითი რუსული არმიის განსაკუთრებული სიძლიერის შესახებ გავანადგურეთ

უკრაინა არის ქვეყანა, სადაც ყველაფერი შესაძლებელია, მითი რუსული არმიის განსაკუთრებული სიძლიერის შესახებ გავანადგურეთ, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტენფორდის უნივერსიტეტში ვიდეოჩართვისას განაცხადა.

„უკრაინა არის ქვეყანა, სადაც ყველაფერი შესაძლებელია. უკრაინა არის ქვეყანა, რომელმაც გაანადგურა მითი რუსული არმიის განსაკუთრებული სიძლიერის შესახებ, არმიის, რომელსაც თითქოს რამდენიმე დღეში შეეძლო დაეპყრო ნებისმიერი, ვისაც მოისურვებდა. მაგრამ უკრაინა არის ქვეყანა, რომელშიც რუსული არმია აგრძელებს ომს, რომლის დასრულება არ სურს. ახლა რუსეთი მთელი ქვეყნის ოკუპაციას ცდილობს, მაგრამ ჩვენ საკმარის სიძლიერეს ვგრძნობთ, რომ ვიფიქროთ მომავალ უკრაინაზე, რომელიც ღია იქნება მსოფლიოსთვის”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

უსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.