რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც, საკონტრაქტო სამსახურისთვის შესაბამისი ასაკობრივი ზღვარი მნიშვნელოვნად იზრდება.
კანონპროექტი სახელმწიფო დუმას 20 მაისს წარედგინა, ხუთი დღის შემდეგ კი რუსეთის პარლამენტის ორივე პალატამ დაამტკიცა. ადრე, კანონის თანახმად, სამხედრო სამსახურში პირველი კონტრაქტის დადება 18-დან 40 წლამდე რუსეთის მოქალაქეებსა და 30 წლამდე ასაკის უცხოელებს შეეძლოთ.
ახალი კანონით, ამის გაკეთება შესაძლებელი ხდება საპენსიო ასაკამდე: ქალებისთვის - 60 წლამდე, ხოლო კაცებისთვის - 65 წლამდე. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ „მაღალი სიზუსტის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გამოსაყენებლად საჭიროა მაღალპროფესიონალი სპეციალისტები. პროფესიონალიზმის ამ დონეს კი სამხედრო პირი 40-45 წლის ასაკში აღწევს,“ - მიიჩნევენ კანონპროექტის ავტორები.
რუსეთის არმიაში, საკონტრაქტო ასაკობრივი ზღვარის გაზრდის შესახებ კანონი, უკრაინაში შეჭრიდან სამი თვის შემდეგ მიიღეს. ანალიტიკოსის აზრით, რუსეთი ომში მნიშვნელოვან წარმატებებს ვერ მიაღწევს, უკრაინაში სამხედრო დაჯგუფების მნიშვნელოვანი ზრდის გარეშე. დასავლურმა და უკრაინულმა მედია ოფიციალურმა პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ მაისის დასაწყისში რუსეთში საყოველთაო მობილიზაცია მზადდებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილება არაა მიღებული.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.