უკრაინაში რუსეთის შეჭრის 95-ე დღეს ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ე.წ. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, დაჭრილებისთვის საწოლების გამოსათავისუფლებლად, ადგილობრივ საავადმყოფოებში მშვიდობიანი მოქალაქეების მიღება შეწყვიტეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ყირიმში დონორთა სისხლის შეგროვება ინტენსიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, გენშტაბის ცნობით, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს გაიზარდა ბელორუსის შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შემოწმებისთვის საჭირო ღონისძიებების რაოდენობა, ბელორუსის მხრიდან უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო და ავიადარტყმების საფრთხე კვლავ ნარჩუნდება.
„ოკუპანტები ყურადღებას ამახვილებენ უკრაინა-რუსეთის საზღვრის ბრიანსკისა და კურსკის რეგიონების მიმართულებით. მათ ნაღმმტყორცნებით გაუხსნეს ცეცხლი უკრაინული ძალებს სუმის რეგიონში. სლობოჟანსკის მიმართულებით, რუსული ჯარები აქტიურად ხსნიან ცეცხლს, ასევე იღებენ ზომებს იარაღისა და სამხედრო ტექნიკის დანაკარგების შესავსებად, რათა თავიდან აირიდონ უკრაინის თავდაცვის ძალების წინსვლა სახელმწიფო საზღვრისკენ“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ხარკოვში ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული იყო არსებული ფრონტის ხაზის შეკავებაზე.
„დონეცკის მიმართულებით მტერი შეტევით ოპერაციებს ახორციელებს. აქტიურად იყენებს სარაკეტო ჯარებსა და საშუალებებს, აწარმოებს საარტილერიო და რადიოელექტრონულ ომს. მათი მხრიდან ოპერატიულ-ტაქტიკური და საავიაციო ოპერაციების ინტენსივობა გაიზარდა. ოკუპანტები ლიმანში პოზიციების მოპოვებას ცდილობენ. სევეროდონეცკში, ავდეევკასა და იუჟნობუჟსკში ბრძოლები გრძელდება. რუსული ჯარები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას აზიანებენ“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.
უკრაინული მხარის ცნობით, დანაკარგების ასანაზღაურებლად, ოკუპანტები საწყობებიდან მოძველებულ იარაღს, სამხედრო აღჭურვილობასა და ტექნიკას იღებენ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.