უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინის დამცველებმა 30 350 -მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს.

„შეიარაღებულმა ძალებმა ასევე გაანადგურეს 1349 ტანკი, 3282 ჯავშანტექნიკა, 643 საარტილერო სისტემა, 203 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემა, 93 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 207 საბრძოლო თვითმფრინავი, 174 ვერტმფრენი, 503 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 118 ფრთოსანი რაკეტა, 13 გემი/კატერი, 2258 სხვადასხვა მანქანა და ტანკერი, 48 ერთეული სპეციალური აღჭურვილობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.