საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩავიდა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩავიდა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ტელეგრამში კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ალექსეი კულება წერს.

„დღეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ბუჩაში ჩამოვიდა. ბუჩა – კაცობრიობის წინააღმდეგ რუსული ჯარის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმბოლოა“, – წერს ალექსეი კულება. 

ცნობისთვის, საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა ორშაბათს უკრაინაში თავისი პირველი ვიზიტით ჩავიდა. კოლონა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და მის კოლეგას დმიტრო კულებას კიევში შეხვდება. მხარეები უკრაინის მიმართ ყველა სფეროში საფრანგეთის მხარდაჭერას განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირებას დაეთმობა. 


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


ასევე წაიკითხეთ:

საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ეწვია