დღეიდან ვიწყებთ მუშაობას გელათის სახურავის ახალ პროექტზე, ადგილზე მონიტორინგი გრძელდება, - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გელათის სამონასტრო კომპლექსში პრესკონფერენცია გამართა.
„დასავლეთ მკლავის გადახურვა, ჭიქური კრამიტის გადახურვის ნაწილი მოიხსნა. შესაბამისად, ნესტის აორთქლების პროცესი დაწყებულია. ნესტის სრულად აორთქლებასა და გამოშრობას დრო დასჭირდება – დღეიდან შემოდგომამდე პერიოდი. სახურავის გახსნის წყალობით, ვნახეთ, რა ხარვეზებია ადგილზე. გრძელდება 24-საათიანი მონიტორინგი. ასევე, დღეიდან ვიწყებთ მუშაობას გელათის სახურავის ახალ პროექტზე“, – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, ტაძარში დროებითი გადახურვისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ადგილზე მიმდინარე წლის 13 მაისიდან დაიწყო. ტაძრის დასავლეთ მკლავსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის აღმოსაფხვრელად, ტაძრის სახურავის ამ არეალში 2020 წელს მოწყობილი დამცავი დროებითი ლითონის საფარისა და 2008 წლის პროექტის მიხედვით ხარვეზებით დაგებული მოჭიქული კრამიტის სახურავის მოხსნა და ახალი დროებითი გადახურვის მოწყობა UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კვლევებისა (მათ შორის, ჰიგირომეტრიული) და რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმა. ცნობილ კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და მსოფლიო დონის არქიტექტორ-რესტავრატორის, პროფესორ უგო ტონიეტის მიერ 2022 წლის 27 იანვარს გაიცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, აუცილებელია ზაფხულში გელათის ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავზე ხარვეზიანი კრამიტის საფარის მოხსნა კედლებსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის ზემოდან ასაორთქლებლად. დღეისათვის, აორთქლება მხოლოდ ტაძრის შიგნიდან მიმდინარეობს, რაც აფერხებს ტაძრის დასავლეთ მკლავში შრობის პროცესს და ამით საფრთხეს უქმნის კედლის მხატვრობას. კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და პროფესორ უგო ტონიეტის მკაფიო რეკომენდაციით, აორთქლების პროცესში, დასავლეთ მკლავის მეტეოროლოგიური პირობებისგან (წვიმა) დაცვის მიზნით, საჭიროა მოეწყოს ახალი დროებითი გადახურვა, რომელიც სახურავის ზედაპირისგან დაშორებული იქნება“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
ასევე წაიკითხეთ: