ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ევროკავშირი ჯერ არ არის სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმების ეტაპზე, მათ შორის არც რუსული ნავთობის იმპორტის პოტენციური აკრძალვის მიმართულებით.
„ეს არასოდეს ყოფილა ადვილი. იგივეა ახლა მეექვსე პაკეტთან დაკავშირებით", - განუცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, სამიტის წინ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას მიმართ სამართლიანები ვიყოთ, საკითხის გადაწყვეტამდე ჯერ ვერ მივედით. ჩემი მოლოდინი დაბალია იმის შესახებ, რომ ეს მოგვარდება მომდევნო 48 საათში. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ იქნება შესაძლებლობა", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ევროკავშირი სანქციების შემოღებისთვის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობას მოითხოვს. უნგრეთი, რომელიც დიდწილად ეყრდნობა რუსულ ნავთობს, იმპორტის აკრძალვის მთავარი მოწინააღმდეგეა.