ბრიჯიტ ბრინკი ომით განადგურებულ ბოროდიანკას ეწვია

აშშ-ის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი ბოროდიანკას ეწვია, რომელიც სრულმასშტაბიანი ომის პირველ კვირებში ბრძოლების შედეგად ძლიერ დაზიანდა.

„ქალაქი რუსეთის სასტიკი ომის დროს ჩადენილი სიმხეცის მოწმე გახდა, მათ შორის ოჯახები, რომლებიც საკუთარ სახლებში დახოცეს. ეს მხოლოდ ამტკიცებს ჩემს გადაწყვეტილებას, გავაკეთო ყველაფერი, რომ ჩადენილი სისასტიკისთვის დამნაშავეებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ“, - დაწერა ბრინკმა Twitter-ზე.


30 მაისს, აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა რწმუნებათა სიგელები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცა.

სენატმა უკრაინაში ამერიკის ელჩად ბრიჯიტ ბრინკი დაამტკიცა. მანამდე, ელჩობის კანდიდატმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე განაცხადა, რომ თავისუფლებამ უნდა გაიმარჯვოს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. საგულისხმოა, რომ აშშ-ის ბოლო სამი წლის განმავლობაში 2019 წლიდან უკრაინაში ელჩი არ ჰყავდა.

ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა აშშ-ის სენატს ჯო ბაიდენმა 27 აპრილს წარუდგინა. უკრაინაში ელჩად დანიშვნამდე ბრინკი იყო აშშ-ის ელჩი სლოვაკეთში. ენტონი ბლინკენმა 25 აპრილს დაადასტურა, რომ ამერიკის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი იქნება.

2018 წელს, მედიაში გავრცელებული ცნობებით, საქართველოში ელჩად ბრინკის დანიშვნა განიხილებოდა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.