NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გასულ კვირას ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფებოდა. NATO-ს ოფიციალური ინფორმაციით, ამერიკელ მაღალი თანამდებობის პირებთან განხილვის თემა უკრაინაში რუსეთის ომის შედეგები და NATO-ს მადრიდის სამიტისთვის მზადება იყო. გენერალური მდივანი თეთრ სახლში შეხვდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩეველს ჯეიკ სალივანს.
გენერალური მდივანი ასევე შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს და სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს. აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე მხარეეებმა განიხილეს უკრაინის მხარდაჭერის საკითხი, კიევისთვის გრძელვადიანი მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობა. გარდა ამისა, კიევის მიმართ მხარდაჭერის საკითხში აშშ-ის ლიდერობისთვის სტოლტენბერგმა შეერთებულ შტატებს მადლობა გადაუხადა. განხილვის საგანს ასევე წარმოადგენდა NATO-ს ძალისხმევა შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების მიზნით.
გენერალურმა მდივანმა ისტორიული უწოდა ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებას, გაწევრიანდნენ NATO-ში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა მოკავშირის უსაფრთხოების შეშფოთება უნდა განიხილებოდეს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიპოვით ერთიან გზას. მჭიდრო კავშირშზე ვართ თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან, ფინეთისა და შვედეთის ლიდერებთან. ჩვენ, უახლოეს დღეებში მოვიწვევთ სამივე ქვეყნის მაღალჩინოსნებს ბრიუსელში“, - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
NATO-ს გენმდივანმა შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხი ერდოღანთან განიხილა