ბრიტანეთი უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა M 270-ს გადასცემს

Reuters-ის ცნობით, ბრიტანეთი აშშ-თან უკრაინისთვის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა M 270-ის გადაცემაზე შეთანხმდა.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ მოსკოვის გაფრთხილების მიუხედავად, ლონდონი უკრაინას სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის. მისი თქმით, ეს არის იარაღი, რომელიც უკრაინას რუსული საფრთხისგან თავის დასაცავად სჭირდება.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ არ გაავრცელა ინფორმაცია, რა რაოდენობის იარაღს გადასცემს უკრაინას, მაგრამ დასავლური მედიის ცნობით, თავდაპირველად სამი ერთეული სარაკეტო სისტემის გაგზავნა იგეგმება.

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა M 270-ის აშშ აწარმოებს. ბრიტანელი სამხედროები უკრაინელებს სისტემების გამოყენებას უახლოეს კვირებში შეასწავლიან.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.