IDS ბორჯომი: კომპანიის ანგარიშები გაიყინა, რის გამოც ფინანსური რესურსი შეზღუდული გვაქვს

კომპანიის ანგარიშები არის გაყინული, რის გამოც შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი, ამიტომ პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „IDS ბორჯომის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„როგორც უკვე განვაცხადეთ, ამ ეტაპზე, ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მუშაობს მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის. მოგეხსენებათ, საექსპორტო ბაზრების უმეტეს ნაწილთან დაკავშირებით (80%) ვითარება გაურკვეველია. ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, კომპანიას არც ერთი ახალი კადრი არ აუყვანია. რაც შეეხება ხელფასების დაგვიანების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, მოგეხსენებათ კომპანიის ანგარიშები არის გაყინული, რის გამოც შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი, ამიტომ პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული“, – აცხადებენ კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.


დღეს „IDS ბორჯომის“ თანამშრომლებმა N1 და N2 ქარხნების სრულმასშტაბიანი პიკეტირება დაიწყეს. თანამშრომლებს შესასვლელები სრულად გადაკეტილი აქვთ.


29 აპრილს IDS ბორჯომმა სანქციების გამო, წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა.  

19 მაისს „ბორჯომის“ მფლობელმა კომპანიამ განაცხადა, რომ მზადაა აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უფასოდ გადასცეს. 


2013 წლიდან რუსული Alfa Group ფლობს IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების სიაშია. IDS Borjomi International, ბორჯომის გარდა, აწარმოებს ჩამოსხმულ წყალს ბრენდების Holy Spring და Edelweiss.

უკრაინაში ომისა და მას შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, 750-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა რუსულ ბაზარზე.