დმიტრო კულება: პუტინის ნდობა არ შეიძლება, ვინაიდან, არ ასრულებს იმას, რასაც საუბრობს

"პუტინის ნდობა არ შეიძლება, ვინაიდან, ის არ ასრულებს იმას, რასაც საუბრობს", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

„პუტინი ამბობს, რომ ის სავაჭრო გზებს ოდესაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს. ეს იგივე პუტინია, რომელმაც გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ჩვენს ქვეყანაში სრულმასშტაბიან შემოჭრამდე რამდენიმე დღით ადრე უთხრა, რომ უკრაინას თავს არ დაესხმებოდა. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ პუტინს ვენდოთ, მისი სიტყვები ცარიელია“, - წერს კულება „ტვიტერზე“.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.