აზერბაიჯანში ნავთობის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა BP-მ განაცხადა, რომ ბაქო-სუფსის საექსპორტო ნავთობსადენი ივნისში მუშაობას შეაჩერებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მილსადენის გაჩერება „დროებითია“ და რომ ბაქო-სუფსის მილსადენით გადაზიდული მთელი ნავთობი ამჟამად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გადის.
კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის შეჩერება უკრაინაში მიმდინარე ომს, BP-ის წარმომადგენელი პასუხის გაცემას მოერიდა და მხოლოდ აღნიშნა, რომ დახურვა "გამფრთხილებელი ზომებით" იყო გამოწვეული.
როგორც ცნობილია, მანამდე ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება BP-მ 15 მარტიდან აპრილის ბოლომდე შეაჩერა, შემდეგ ეს გადაწყვეტილება მაისამდე გააგრძელა და ახლა BP-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მილსადენი ივნისშიც არ იმუშავებს.
კომპანიის მიერ eurasianet.org-ისთვის გაგზავნილ წერილობით განცხადებაში ბაქო-სუფსის მილსადენის ექსპლუატაციის განახლების დრო მითითებული არ არის.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ შავ ზღვაში კომერციული გადაზიდვები უკრაინის ომის გამო დიდწილად შეფერხდა. ბოლო დროს გავრცელდა არაერთი ცნობა, რომ ნაღმები, რომლებიც უკრაინის პორტებში სანაპიროს დასაცავად დგას, კომერციულ გემებს რეალურ საფრთხეს უქმნის. მედია წერს, რომ BP-ის განცხადება, ფაქტობრივად, პირველი ოფიციალური დადასტურებაა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო აზერბაიჯანიდან ნავთობის ექსპორტი დაზარალდა.
როგორც ცნობილია, აზერბაიჯანული ნავთობი ბაქო-სუფსის მილსადენით მიედინება საქართველოს სუფსის პორტში შავი ზღვის სანაპიროზე, საიდანაც ტანკერებით მსოფლიო ბაზრებს მიეწოდება. მილსადენის სიმძლავრე წელიწადში 7,2 მილიონი ტონაა. შექმნილ ვითარებაში ტექნიკურად ადვილია ნავთობის გადამისამართება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ ეს მიმართულება უფრო ძვირია. 2021 წლის იანვარში Botas-ის ოპერატორმა გაზარდა ტრანზიტის საფასური - BTC-ით თურქეთის გავლით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის 0,55 დოლარიდან 1,50-2 დოლარამდე ბარელზე. მაშინ როცა ბაქო-სუფსის მილსადენზე ტრანზიტის ღირებულება ბარელზე მხოლოდ 0,42 დოლარია.
შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-მა შეაჩერა ნავთობის ტრანსპორტირება ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით. SOCAR-ის წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით გადასაზიდი ნავთობი მაისში BTC მილსადენზე გადამისამართდა.