მელიტოპოლის მერი: რუსი სამხედროები თითქმის ყველა საგუშაგოდან გაიქცნენ

მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა რეგიონში არსებული ვითარება შეაფასა და განაცხადა, რომ რუსი სამხედროები მელიტოპოლის თითქმის ყველა საგუშაგოდან გაიქცნენ, რადგან დამპყრობლებს უკრაინის არმიის შეტევის ეშინოდათ.

„დამპყრობლებმა დატოვეს მელიტოპოლის რეგიონის თითქმის ყველა საგუშაგო. გმირი უკრაინელი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ რაშისტებისგან დასახლებების გასათავისუფლებლად. რუსმა დამპყრობლებმა დაბლოკეს უკრაინული კომუნიკაციები და ინტერნეტი მელიტოპოლში", - აცხადებს ფედოროვი.

ამასთან, მელიტოპოლის მერმა მიუთითა, რომ უახლოეს თვეებში ქალაქის დეოკუპაცია დასრულდება, რადგან სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტია ზაპოროჟიეს რეგიონის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.