თანამდებობის დატოვების შემდეგ პირველ ინტერვიუში, ანგელა მერკელმა რუსეთის მიმართ თავისი პოლიტიკა დაიცვა და განაცხადა, რომ უკრაინაში არსებული ვითარების გამო საკუთარ თავს ვერ დაადანაშაულებს.
მერკელმა უარი თქვა ბოდიშის მოხდაზე მოსკოვის მიმართ პოლიტიკისთვის, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას არ აქვს გამართლება.
„ეს არის დარღვევა ყველა საერთაშორისო კანონის, რაც საშუალებას გვაძლევს, მშვიდობიანად ვიცხოვროთ ევროპაში. თუ ჩვენ რამდენიმე საუკუნით უკან დავბრუნდებით და ვიკამათებთ იმაზე, თუ რომელი ტერიტორიის ნაწილი ვის უნდა ეკუთვნოდეს, მაშინ მხოლოდ ომი გვექნება“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა.
ყოფილი კანცლერი ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობაში გულუბრყვილო არ ყოფილა.
„დიპლომატია არ არის არასწორი გზა მხოლოდ იმიტომ, რომ მან არ იმუშავა”, - აცხადებს ყოფილი კანცლერი და ამატებს, რომ „სამხედრო შეკავება ერთადერთი ენაა, რომელიც პუტინს ესმის“.
მერკელმა 2007 წელს, სოჭში გამართული შეხვედრა გაიხსენა. როგორც დასავლური მედია წერს, მაშინ, რუსეთის პრეზიდენტმა იცოდა, რომ მერკელს ძაღლები არ უყვარდა, თუმცა პუტინმა გერმანიის კანცლერთან საკუთარი ძაღლის მიახლოება სცადა.
ინტერვიუს დროს, მერკელმა რუსეთის პრეზიდენტის მოსაზრებებთან შეუსაბამობის კონტექსტში გაიხსენა, როგორ განუცხადა პუტინმა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო "მე-20 საუკუნის ყველაზე ცუდი მოვლენა". როგორც მერკელი ამბობს, პუტინს უპასუხა, რომ მისთვის, როგორც კომუნისტურ აღმოსავლეთ გერმანიაში გაზრდილი ადამიანისთვის, ბერლინის კედლის დაცემა ნიშნავდა თავისუფლებას.
მერკელის თქმით, პუტინს „სძულდა“ დემოკრატიის დასავლური მოდელი და სურდა ევროკავშირის „განადგურება“.
ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სრულად შეიჭრებოდა მის მეზობელ ქვეყანაში ბევრად ადრე, თუ ის და სხვა მოკავშირეები 2008 წელს, NATO-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების ბლოკირების საკამათო გადაწყვეტილებებს არ მიიღებდნენ.
უკრაინის წევრობის დაბლოკვის მიზეზად მერკელმა ასევე დაასახელა სისტემური კორუფციის საკითხები.
„პრეზიდენტი ზელენსკი გაბედულად ებრძვის კორუფციას, მაგრამ იმ დროს უკრაინა ნამდვილად იყო ოლიგარქების მიერ მართული ქვეყანა და ამიტომ, არ შეიძლება უბრალოდ თქვა - „კარგი, ხვალ ჩვენ მათ NATO-ში შევიყვანთ. ეს არ იყო უკრაინა, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ. ეს იყო უკრაინა, რომელიც იყო ძალიან, ძალიან გაყოფილი პოლიტიკურად. ეს არ იყო სტაბილური დემოკრატია“, - განაცხადა ყოფილმა კანცლერმა და დაამატა: „მეორეც, მე ძალიან დარწმუნებული ვიყავი… რომ პუტინი უბრალოდ არ აპირებდა ამის დაშვებას. მისი გადმოსახედიდან, ეს ომის გამოცხადება იქნებოდა“.
მერკელმა განმარტა, რატომ დაბლოკა საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება
აპრილში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანგელა მერკელი და საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გააკრტიკა და განაცხადა, რომ მათი ნაბიჯი იყო აშკარა „შეცდომა“, რამაც რუსეთი გაათამამა. უკრაინის პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ბუჩაში რუსული ძალების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევისა და სისასტიკის შესახებ გახდა ცნობილი.