პრემიერი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ დიდ ბრიტანეთს ახლა აქვს შესაძლებლობა, იმოქმედოს განსხვავებულად და უკეთესად - "Brexit-ის ხანგრძლივი პროცესი დასრულებულია".
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა Brexit-ის შემდეგ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი გუშინ მოაწერა.
მანამდე შეთანხმებას მხარი ბრიტანელმა დეპუტატებმა დაუჭირეს.
„ამ შეთანხმების ხელმოწერით ბრიტანელი ხალხის სუვერენულ სურვილს ვასრულებთ, იცხოვრონ თავიანთი კანონებით, რომელსაც მათ მიერ არჩეული პარლამენტი მიიღებს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.
გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. Brexit-ის გარდამავალი პერიოდი 2020 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა, რის შემდეგაც გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა.