რა გზავნილებით ჩამოვიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოში

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მეორე მოადგილემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში კარა მაკდონალდმა სამოქალაქო საზოგადოების და საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვაშინგტონიდან ჩამოტანილ გზავნილები საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას შეეხება.

„მე ჩამოვედი საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და დემოკრატიული მისწრაფებისადმი ამერიკის ღრმა მხარდაჭერის გზავნილით. ეს არის ევროატლანტიკური მისწრაფებები, რაც წარმოადგენს ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობის, წარმატების, კეთილდღეობის გარანტს და ამ მისწრაფების გზა ნათელია და ის მოითხოვს მძიმე შრომას, ბევრი რამ მიიღწა, ჩვენ ამის ნაწილად ვგრძობთ თავს, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი“,- განაცხადა კარა მაკდონალდა.

მისივე თქმით, საქართველოში გამართული შეხვედრების მიზანი იყო, ქვეყანაში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები დაენახა.

„ჩვენ გვქონდა ფართო და პროდუქციული საუბარი დემოკრატიული განვითარების, საარჩევნო რეფორმის, სასამართლო რეფორმის შესახებ და საფუძვლიანად, იმაზე, როგორ დავეხმაროთ საქართველოს მიზანს, რაც არის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაცია. ასევე, ვაშინგტონიდან ჩამოვიტანე გზავნილი - ღრმა შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის შესახებ.

ჩემი ვიზიტი ემთხვევა იმ უპრეცედენტო რეგიონულ გამოწვევებს, ეს გახლავთ პუტინის მხრიდან არაპროვოცირებული, გაუმართლებელი ხელახალი შეჭრა უკრაინაში, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოსთვის ძალიან ახლობელია, მაგრამ ეს არის ასევე უნიკალური შესაძლოებლობის დრო საქართველოსთვის და ჩემი გზავნილია არ დაკარგოთ ეს შესაძლებლობა, გაერთიანდით, გაერთიანდით იმის გარშემო რასაც საქართველოს ხალხი და თქვენ ყველანი გძნობთ, რომ გსურთ.

ამ საქმეში ბევრი მხარდამჭერი გყავთ, ეს შევნიშნე სამოქალაქო საზოგადოებაში, რომელსაც დღეს შევხვდი, შევხვდი ასევე სახალხო დამცევლის ოფისს, ბევრი მხარადმაჭერია საერთაშორისო საზოგადოებაში, თქვენსავე საზოგადოებაში და ამერიკა რჩება თქვენდამი ერთგული. ჩვენ ვრჩებით თქვენი ერთგული“, - განაცხადა კარა მაკდონალდმა ქართული მედიის ცნობით.

ამერიკის საელჩოს განცხადებით, კარა მაკდონალდი კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიული რეფორმები არის მათი შემდგომი გზა. დაგეგმილია კარა მაკდონალდის შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ოპოზიციის ლიდერებთან. მისი ვიზიტი 13 ივნისამდე გრძელდება. საქართველოში ჩამოსვლამდე, კარა მაკდონალდი ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა.