საბერძნეთ-ბულგარეთის (IGB), დამაკავშირებელი გაზის ინტერკონექტორის გაშვების თარიღი ცნობილია. ინტერკონექტორის მეშვეობით აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება ბულგარეთში 2022 წლის ივლისში განხორციელდება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ბრიფინგზე ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა განაცხადა.
„ჩვენი შემდგომი გამარჯვება იქნება საბერძნეთთან გაზსადენის გახსნა, რომლითაც აზერბაიჯანიდან ბუნებრივ აირს მივიღებთ. მიმდინარე კვირას ვიყავი ბაქოში, რათა განგვესაზღვრა მიწოდების მოცულობა. ჩვენ გვექნება 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, რომელსაც მალე მივიღებთ. ველით, რომ ეს ივლისში მოხდება. აგვისტოდან კი ბულგარეთი გაზს საბაზრო ფასზე უფრო იაფად მიიღებს“, - განაცხადა პეტკოვმა.
მისი თქმით, IGB უზრუნველყოფს გაზის ტრანსპორტირებას და მიწოდებას ახალი წყაროებიდან, რაც მას ბულგარეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების ძირითად ელემენტად და გაზის წყაროების დივერსიფიკაციის ეროვნული გეგმის ნაწილად აქცევს. გაზსადენის სატუმბი სიმძლავრე იქნება სამი მილიარდი კუბური მეტრი, შესაძლებელი იქნება გამტარუნარიანობის ხუთ მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა. ინტერკონექტორის გამტარუნარიანობის ნახევარი უკვე დაცულია. ბულგარგაზთან გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე შაჰ-დენიზ-2-თან მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდების ხელშეკრულება გაფორმდა.
ცნობისათვის, ბაქო, აზერბაიჯანულ გაზს ევროპას - იტალიას, საბერძნეთსა და ბულგარეთს - 2020 წლის 31 დეკემბრიდან აწვდის TAP გაზსადენით. თუმცა, ურთიერთდაკავშირების არარსებობის გამო, ბულგარეთში განკუთვნილი მოცულობები დაგეგმილზე ოთხჯერ ნაკლები იყო.
მიმდინარე წლის აპრილში რუსულმა სახელმწიფო კონცერნმა „გაზპრომმა“ მთლიანად შეაჩერა გაზის მიწოდება ბულგარეთსა და პოლონეთს. ოფიციალურმა სოფიამ „გაზპრომთან“ ყველა კონტრაქტის გადახედვის შესახებ განაცხადა. მათ შორის რუსული გაზის ტრანზიტზე სერბეთსა და უნგრეთში. „ცალმხრივი შანტაჟი მიუღებელია“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა. იმავდროულად, 31 მაისს „გაზპრომმა“ დაადასტურა, რომ მთლიანად შეაჩერა ნედლეულის მიწოდება ნიდერლანდებშიც.
1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება.
ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაცხადა ამ გადაწყვეტილების შესახებ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ.