უკრაინამ უფრო მძიმე იარაღი უნდა მიიღოს - რეზნიკოვი

ოლექსი რეზნიკოვი დარწმუნებულია, რომ უკრაინამ უფრო მძიმე იარაღი უნდა მიიღოს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თავის Twitter-ზე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.

მინისტრმა რეზნიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა „ძალიან პროდუქტიული“ იყო. 

„უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის კუთხით, მესიჯი იყო ხმამაღალი და მკაფიო: კართაგენი განადგურდება! არავინ შეგვიშლის! მთელი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება ჩვენს ხელშია. ამ ხელებმა უნდა მიიღონ უფრო მძიმე იარაღი", - წერს რეზნიკოვი. 


15 ივნისს ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. „რამშტეინი 3“) შეხვედრა მიმდინარეობს. მანამდე, 23 მაისს, რამშტეინის საავიაციო ბაზაზე (გერმანია) უკრაინის მხარდაჭერის ჯგუფის მეორე შეხვედრა 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების დონეზე გაიმართა. უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევის ასეთი ინსტრუმენტი შეერთებული შტატების ინიციატივით შეიქმნა.