შავ ზღვაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის ახალი მარშრუტი ამოქმედდა - საკონტეინერო გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს

  • ექსკლუზივი

Europetime-ს ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს, რომ შავ ზღვაზე, საქართველოს და რუმინეთს შორის საზღვაო კავშირები ვითარდება.

კერძოდ, „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილი კომპანია პარტნიორებთან ერთად, ქართული პორტებიდან ევროპის მიმართულებით, საკონტეინერო გადაზიდვებს საკონტეინერო გემის მეშვეობით განახორციელებს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ფოთის პორტიდან პირველი საკონტეინერო გემი 146 TEU-თი ტვირთი რუმინეთის პორტში, კონსტანცაში მიმდინარე წლის 21 მაისს გადაიზიდა. საკონტეინერო გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს. გემი, რომელიც 210 TEU კონტეინერს იტევს, თვეში სამ რეისს შეასრულებს.

„შავი ზღვა - კასპიის ზღვის მარშრუტის განვითარება ასევე მნიშვნელოვანია ჩინეთი-ევროპის სავაჭრო ნაკადების გადმომისამართებისთვის“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

მათივე სტატისტიკით, საქართველო ჩინეთს შორის შუა დერეფნით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. 2021 წელს ზრდამ 221% შეადგინა. შესაბამისად, არის მოლოდინი შავი-ზღვა კასპიის ზღვის მარშრუტიც მნიშვნელოვნად დაიტვირთება.

  • საქართველოსა და რუმინეთს შორის საზღვაო მარშრუტის განვითარების წინაპირობა

შავი და კასპიის ზღვების სატრანსპორტო დერეფნის განვითარების ინიციატივა რუმინეთისა და თურქმენეთის ეკუთვნით. 2019 წელს საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ბუქარესტის დეკლარაციას კასპიის ზღვა – შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე. ზემოაღნიშნულ დეკლარაციას წინ უძღოდა 4 სახელმწიფოს შორის გამართული სამუშაო შეხვედრები.

„დეკლარაციისას ხელმოწერისას აქცენტი გაკეთდა შავი ზღვა - კასპიის ზღვის მარშრუტზე, რომელიც შექმნის ეფექტური ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობას აზიასა და ევროპას შორის ორი ზღვის მეშვეობით. ქვეყნის დერეფნის განვითარების თვალსაზრისით, ქართული მხარე დაინტერესებულია გააღრმაოს ურთიერთობები სამივე ქვეყანასთან აღნიშნული დერეფნის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

რაც შეეხება საქართველოსა და რუმინეთს შორის ტვირთბრუნვას, Europetime-ს ეკონომიკის სამინისტრომ შემდეგი მონაცემები მიაწოდა:

  • რკინიგზა

საქართველოსა და რუმინეთს შორის 2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში სარკინიგზო/საზღვაო მარშრუტით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 128.8 ათასი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 104.3%-ით მეტია (63.1 ათასი ტონა).

  • საავტომობილო

საქართველოსა და რუმინეთს შორის საავტომობილო ტრანსპორტით 2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 6.9 ათასი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.7%-ით მეტია (4.6 ათასი ტონა).


რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წელს რუმინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 230 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 105,5 პროცენტით მეტია 2020 წელთან შედარებით. ამასთან, რუმინეთის ექსპორტი საქართველოში 87 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი - 219,4 პროცენტით.


„ეს მაჩვენებლები მოწმობს ორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების არსებულ პოტენციალს და დივერსიფიკაციის მნიშვნელოვან პერსპექტივებს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ვაჭრობის, მობილურობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების გაფართოება ხელს შეუწყობს რეგიონულ ეკონომიკურ სტაბილურობას, სოციალურ კეთილდღეობას და შექმნის რეალურ ბიზნეს შესაძლებლობებს რუმინეთსა და საქართველოს შორის“, - ნათქვამია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე, Europetime-თან ინტერვიუში რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, იულიან კიფუმ განაცხადა, რომ  ბათუმი-კონსტანცას პროექტს მხარდაჭერა არ აქვს. ინტერვიუ ნახეთ ამ ბმულზე.  


ცნობისათვის, დღეს ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვის მონაცემები გაასაჯაროვა,   რომლის თანახმადაც, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა გაიზარდა. ფოთისა და ბათუმის ნავსადგურები 4 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურნენ. წლიურ ჭრილში ზრდა 0.5 მლნ ტონას შეადგენს.