საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის მიერ მიღებულ რეკომენდაციას თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე გამოეხმაურა.
„მე მინდა მოგმართოთ თქვენ, ვინც, ალბათ, სახლიდან გაიგეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაცია ევროკომისიის, მაგრამ გაიგეთ ის, რომ ერთგვარად საქართველო არ დგას იმ სამეულის ჯგუფში, რომელიც ჩვენ შევქმენით და რაღაცნაირად, ჩვენ ამ ჯგუფს ჩამოვრჩით. შეიძლება, იყოთ იმედგაცრუებული, მე უფრო იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელიც გაბრაზებულია და ვეთანხმები, ვინც ჩემს წინ ამ თემაზე გამოდიოდა - ჩვენ ამისი უფლება არა გვაქვს.
ჩვენ შეიძლება, ადრე და მე პირადად ბევრი რამე ვთქვი, იმიტომ, რომ მე ვხედავდი, რაც შეიძლება მზადდებოდა, ამან გამოიწვია ზოგის წყენა, გაბრაზება და სხვა რაღაცები, მაგრამ ფაქტი ფაქტი არის და ფაქტს ვერ გავექცევით. მაგრამ ფაქტები იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფარ-ხმალი უნდა ჩამოვყაროთ. ეს არ არის არც ქართული ხასიათი და არც ქალების ხასიათი. მე თქვენი იმედი მაქვს, მე მოსახლეობის იმედიც მაქვს, ყველასი, ვინც გუშინ იყო გამოსული, გუშინ სახლიდან გვიყურებდა, დღეს გვიყურებს. მე ვიცი, რომ დღეს თქვენც გრძნობთ, რომ არც იმედგაცრუების და არც წუწუნის დრო არ არის. იმიტომ, რაც მოგვივიდა დღეს, ეს არის გაფრთხილება: რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო. ჩვენი ბრალია. ჩვენ ვამბობთ, რომ რაღაც არ დავიმსახურეთ, დავიმსახურეთ!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა.
„ჩვენ იმის მერე, რაც გააკეთა ამ ქვეყანამ 30 წლის მანძილზე, ისე ჩამოვრჩით ჩვენს ორ მეგობარს და პარტნიორს, ჩვენი ბრალია, აბა, ვისი. არავინ არ გაგვიკეთა არაფერი. რაც მთავარია და რაც მინდა კარგად გაიგოთ, ევროპამ არ გადაგვაგდო, ევროპამ არ გვითხრა უარი, პირიქით. როგორც ჩანს, ჯერ მხოლოდ ურსულას ბრიფინგიდან არის პირველი ცნობები, რაც ვრცელდება. პირველ რიგში უნდა წავიკითხოთ ევროკომისიის რეკომენდაციები, რაც ვრცელდება და სხვათა შორის, ურსულა ფონ დერ ლაიენის „ტვიტერშიც“ იგივე წერია და უნდა ვიცოდეთ, როგორ წავიკითხოთ. იქ წერია, რომ ჩვენ, ცხადია, კანდიდატის სტატუსი დღეს არ მიგვიღია, მაგრამ მივიღეთ ისეთი რამ, რაზედაც ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო ბოლო თვეებში, არც ვიოცნებებდით. მივიღეთ აღიარება და იმედი მაქვს, რომ ამას დაადასტურებს ევროპული საბჭო ერთ კვირაში. მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, გაწევრიანების პერსპექტივა“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.