ესტონეთი მიესალმება ევროკომისიის ევროკავშირის საბჭოსთვის წარდგენილ რეკომენდაციას, რომ უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უნდა მიიღონ, - ამის შესახებ აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„ესტონეთი მიესალმება ევროკომისიის ევროკავშირის საბჭოსთვის წარდგენილ რეკომენდაციას, რომ უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უნდა მიიღონ. ჩვენ სულ ამის გამყარებას ვცდილობდით. მოუთმენლად ველი მომავალ კვირას ევროკავშირის საბჭოს შეხვედრას, სადაც კომისიის გადაწყვეტილება, იმედია, დადასტურდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ საქართველოს შესახებ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებული დასკვნა გამოაქვეყნა.
ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ამის მიხედვით გადაწყდეს.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა
ასევე წაიკითხეთ:
ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად