"ევროპული პერსპექტივა შუქურაა ევროპისკენ მიმავალ რთულ გზაზე და ამ გზაზე საქართველოს ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერის იმედი აქვს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ევროპა საქართველოს სახლია. ევროპული პერსპექტივა არის შუქურა ამ სახლისკენ მიმავალ რთულ გზაზე. ამ გზაზე ჩვენ ევროკომისიის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – წერს „ტვიტერში“ შალვა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ საქართველოს შესახებ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებული დასკვნა გამოაქვეყნა.
ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ, შესასრულებელი პირობებით, საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ამის მიხედვით გადაწყდეს.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა