მინდა, მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დემონსტრაციის დროს გამოსვლას აპირებს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილი საგანგებო მიმართვისას განაცხადა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღევანდელი აქციის „შინ ევროპისკენ“ მშვიდ ვითარებაში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე სამართალდამცავებს მიმართა, რომ აქციზე წესრიგი უზრუნველყონ.
„მინდა ყველას გთხოვოთ, ამ დღეებში ყველაფერი გავაკეთოთ, ის, რაც ჩვენს ძალებშია, რომ ჩვენი თავი წარვადგინოთ, როგორც ღირსეული, ევროპული ქვეყანა. მინდა მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დემონსტრაციის დროს გამოსვლას აპირებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი სახე ვაჩვენოთ და ეს სახე უნდა იყოს მშვიდი. ჩვენ ვიცით, რა გვინდა, როგორი ევროპა გვინდა და როგორი საქართველო. ეს არის ის, რაც უნდა ვაჩვენოთ.
მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველას, რომ არავინ მოვიდეს რამე ექსცესებისთვის და მივმართო სამართალდამცველებს, რომ ყველანაირად შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე, რამეთუ მშვიდი კადრები იქნება ის, რაც ევროპის ყველა ეკრანზე გავა. ეს იქნება იმ გადაწყვეტილების ერთ-ერთი ნაწილი, რაც არის მისაღები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია სახელწოდებით “შინ ევროპისკენ” იწყება, სამართალდამცავებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
ქვეყნის ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციაზე უკვე იკრიბებიან მოქალაქეები
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.