უკრაინას, ხორბლის ექსპორტისთვის პორტების განბლოკვის საკითხში, მრავალმხრივ მოლაპარაკებებში პროგრესი ჯერ არ აქვს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, აფრიკა „პრაქტიკულად მათი მძევალია, ვინც უკრაინაში ომი წამოიწყო“.
ამასთან ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საზღვაო გზა უკრაინის აგრარული სექტორის პროდუქციის ექსპორტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. „მარცვლეულის ექსპორტი კი გლობალური სასურსათო ბაზრის სტაბილურობისთვის გადამწყვეტია. უკრაინა ამ ბაზარზე ხორბლის, მზესუმზირის ზეთის, სიმინდის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. ექსპერტული გათვლებით, ამ პროექტების სტაბილურ მიწოდებაზეა დამოკიდებული დაახლოებით 400 მილიონი ადამიანის სიცოცხლე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარმა ელჩმა, ექსპორტიორთა და ინვესტორთა საბჭოს კოორდინატორმა ოლგა ტროფიმცევამ განაცხადა, რომ ბოლო დროს უკრაინა სახმელეთო გზით ახორციელებდა თვეში საშუალოდ 1,5 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს.
უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად.
ამასთან, ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ.
უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.