ესტონეთმა ფიზიკურ პირებს რუსეთიდან სანქცირებული საქონლის შეტანა აუკრძალა

10 ივლისიდან ესტონეთში იმ საქონლის იმპორტი იკრძალება, რომელიც ევროკავშირის მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებს ექვემდებარება.
ესტონეთის საგადასახადო და საბაჟო საბჭოს ვებგვერდზე საქონლის სრული სია გამოქვეყნდა, „რომლის რეალიზაციიდანაც რუსეთს მნიშვნელოვანი შემოსავალი აქვს, რაც საშუალებას აძლევს უკრაინაში შეიარაღებული აგრესია და დაპყრობითი ომი განაგრძოს“.
10 ივლისიდან ესტონეთში შეუძლებელი იქნება ალკოჰოლის „იმპორტი ან გადატანა“. სანქცირებას ექვემდებარება ლუდი, ღვინო, არაყი, ვისკი, ლიქიორი და სხვა ალკოჰოლური სასმელები, ხის ავეჯი, სასუქები და პნევმატური საბურავები.
 
სანქციები ასევე ვრცელდება რუსეთში, ფუფუნების საქონლად კლასიფიცირებული რიგი ნივთების ექსპორტზე.
 
ევროკავშირმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტი მიიღო. კერძოდ, აკრძალა რუსული ალკოჰოლისა და სასუქების იმპორტი, ასევე, საქონლისა და რიგი ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი.