საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის საზღვაო პორტების ბლოკირება, რადგან ამან შეიძლება, მსოფლიოში შიმშილი გამოიწვიოს. ამის შესახებ კოლონამ ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ისაუბრა. ფრანგმა დიპლომატმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინაში ინფრასტრუქტურის განადგურება“.
მინისტრის თქმით, საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს გაეროს გენერალური მდივნის ძალისხმევას და თურქეთის განსაკუთრებულ როლს შავი ზღვის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის გამარტივებაში.
„არსებობს დიდი რისკი, რომ უკრაინული მარცვლეული დარჩება დაბლოკილი; ეს საშიშია გლობალური სტაბილურობისთვის", - აღნიშნა კოლონამ.
უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად.
ამასთან, ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ.
უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.