უკრაინელმა დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირს მოუწოდა, კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიანიჭონ და არ დაუშვან, რომ ქართველი ხალხი ერთი ოლიგარქის ტყვეობაში დარჩეს.
ამასთან, გონჩარენკომ მიმართა NATO-ს წევრ სახელმწიფოებსაც და მოუწოდა, უკრაინასა და საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) გადასცენ.
„კვირის ბოლოს ევროკავშირის სამიტი გაიმართება. გთხოვთ, დაუჭირეთ მხარი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, გთხოვთ დაუჭირეთ მხარი მოლდოვას როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატს. დიახ, საქართველოს ახლა პრობლემები აქვს, მაგრამ გთხოვთ, ნუ მისცემთ უფლებას ქართველი ხალხი ერთი ოლიგარქის მძევალი იყოს. მაშასადამე, ძვირფასო ძმებო, უნდა დაგიჭიროთ მხარი და ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი ევროპაში უნდა იყოს. მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც. შემდეგ, მომდევნო კვირაში NATO-ს სამიტი გაიმართება. მინდა მივმართო თურქეთს, გთხოვთ დაუჭირეთ მხარი ფინეთს და შვედეთს. მივმართავ NATO-ს წევრ სახელმწიფოებს, გთხოვთ მხარი დაუჭირეთ უკრაინას და საქართველოს და მოგვეცით გაწევრიანების სამოქმედო გეგმა“, – აცხადებს რადას დეპუტატი.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
ცნობისთვის, NATO-ს სამიტი მადრიდში, 28, 29 და 30 ივნისს გაიმართება.